ოსმალოები ბათომს სტოვებენ

ძალიან მიყვარს მგალობლიშვილებთან ერთად დროს გატარება. საუცხოვო ოჯახია: გოგა, პატე, კოსტა და ელიჩკა ძალიან მიყვარან. მათთან მოწყენით ყოფნა არ შეიძლება. მხიარულები და სასიამოვნო ყმაწვილები არიან. არ ვიცი. რა მიზეზია ეს, მახლობელი ნათესავები ვართ და თქვენზე (თქვენობით) ვლაპარაკობთ. რაღაც ვერ მეხერხება შენზე (შენობით) ლაპარაკი. დღესაც იქ ვიყავი. ქეთო გამექცა, შინ ეჩქარებოდა. ჯერ სუნანასთან ვიყავით, “ისპანკით” არის ავად. მერე ელიჩკასთან ავედი. ბევრი ვილაპარაკე იმაზე თუ რა საღამოებს გავმართავდით ახალ სასწავლებელში. ინსტიტუტის შენობაში “პლანები” კარგი დავაწყეთ. ავასრულებთ თუ არა, არ ვიცი, გარემოებაზედ არის დამყარებული ყველაფერი. “ზნაჩოკები” შევუკვეთეთ VIII კლასისთვის. ეს უკანასკნელი კლასია და საჭიროა სხვასთან გასარჩევად. 25 მანეთი გვიჯდება თითო თითოს. მართალია, ძვირია, მაგრამ რა.

P.S. დღეს სთქვეს, რომ მგონი ოსმალოები ბათომს სტოვებენ და მირბიანო.

გამოცდები დამთავრდა!

დღეს ძალიან და ძალიან სასიამოვნო ამბავი მახარეს: შენ გადახვედიო. მე ჯერ არ დავიჯერე, მაგრამ ბოლოს დამარწმუნეს. მე მე-VII კლასის მოწაფე ვარ, ვაშა!!!

8 ოქტომბერს

ევგენი ონეგინი / 30 ენკენისთვეს

გუშინ მესამედ ვიყავი “ევგენი ონეგინზე”, კიდევ ორჯერ შემიძლიან წავიდეთ, მაგრამ მარტო ორდა იყო ონეგინი. ჩემთვის ის შეუდარებელია. ყურს რომ ვუგდებდი, ტანში მაჟრჟოლებდა. თავის ბენეფისზე უფრო კარგი, შესანიშნავი იყო. გუშინაც ძალიან კარგად ჩაატარა თავისი როლი. მე მგონია, დილიდან საღამომდის რომ ვუსმინო მას, არ მომწყინდება. მაგისთანა ონეგინი ჯერ აქაურებს არ უნახავთ. როგორც სიცხეში, ისე ვიჯექი, ბინოკლს არ ვაშორებდი მის სახეს. ვიყიდეთ მედა ქეთომ მესამე იარუსის ბილეთი. პირველი მოქმედების შემდეგ პარტერის მეექსვე რიგში ჩავედით, ბოლოს კი ლიტერნის ლოჟაში. მე შემიძლიან, უფასოდ ვიარო მამას ბილეთით. ხალხი, საზოგადოდ, ცოტა დადიოდა ოპერაში. გუშინ კი თითქმის სავსე იყო. საცოდავი ორდა ცოტა უქეიფოთ იყო. როცა გაათავა და თქვა “позор, тоска”, უკანასკნელ სიტყვაზე ვეღარ ასწია ხმა და ჩასწყდა, მაგრამ არაფერი იყო რა, ხალხი მაინც ძალიან და ძალიან კმაყოფილი დარჩა. ლივიცკაიაც ტატიანას როლში ძალიან კარგი იყო. მთელი შემადგენლობა ძალიან და ძალიან კარგი იყო, ზალივსკის გარდა. არა! თარტში ხშირად ვივლი. ძალიან მიყვარს, მეტადრე თუ ისინი თამაშობენ, ვიც ძალიან მომწონან. ღამე ქეთოსთან მეძინა, სანამ დავიძინებდით, მთელი წარმოდგენა წარმოვადგინეთ. ღამე სულ სიმღერა მედგა ყურებში და სიტყვები “увы сомненья нет ” და “а счастье било так близко, так возможно”. შარშან მეუბნებოდნენ, ხშირად დადიხარო. რა ვქნა, მაგნიტივით მიზიდავს. წრეულ კი არ ვივლი? ეხლა ვნატრობ იმას, თუ რატომ ღმერთმა კარგი ხმა არ მომცა. სახლში მთელი ოპერა დაუკარი საღამოთი. ქეთოსთან წავედი და ავად დამიხვდა. მასაც შეხვდა ახალი მოდური ავადმყოფობა “ისპანკა”. წამოვედი სახლში. ნუნუ შინ დამხვდა. ყოველ დღე ველი ჩვენებს. ნეტა მალე ჩამოვიდნენ სოფლიდან. მარტოკა ყოფნა მომწყინდა. ვითომ უნდა გვენახა, გვაქვს ხმა თუ არა. მე და ვავა სხვადასხვა ნოტებს ვიღებდით როიალზე. ისეთები მოდიან სიმღერის სასწავლებლად, რომლებსაც სულ არ აქვთ ხმა. რამდენი რამის დაწერა მინდა მაგრამ მეძინება.

25 ენკენისთვეს

“ის უნახავს ქეთოს დღეს, მე კი არა.

თამაზ და ირაკლი ორბელიანები / ენკენისთვეს

რა ცუდი რამე გახდა თამაზი ( თამაზ და ირაკლი ორბელიანები, მაროს მეგობრები), სულ თავის თავზე ფიქრობს, მასთან ლაპარაკიც კი არ შემიძლია, მომაბეზრა თავი., დაიკარგოს, ჩოხა ჩაიცვა და მკითხა: თეთრი თუ შავი ახალუხი მოუხდებაო, სულ გატუტუცდა. მგონი ათ ქალშია შეყვარებული, საბრალო.  ირაკლიც მაბრაზებს. ისეთი უშნო გახდა სახით, რომ ადამიანს შეეშინდება, რომ დაინახოს. სულ სისულელეებზე ლაპარაკობს. მართალია, ძალიან მეგობრულად ვართ, მაგრამ…

მარტოკა ვარ და როცა ისინი მოვლენ ხოლმე, გამეხარდება. გამოცდა ჩავაბარე. ერთი დამრჩა და არ ვიცი, ჩემი ბედი გადაწყდება მალე. ჩამოვიდეს დედა მალე მარტოობაში რამის სული ამომხდეს. მამა თითქმის სახლში არ არის ხოლმე.

ჩემი წიგნები / 19 ენკენისთვეს

ვეღარ შემხვდა “ის”. ვერ გამიგია ვერც მისი გვარი, ვერც მისი სახელი, მაგრამ ძალიან კი მინდა ვიცოდე. რა კარგია წიგნი, მეტადრე, თუ ძალიან საინტერესოა. მე შემიძლიან მთელი დღეები ვიჯდე და ვიკითხო ერთიმეორეზე. მავიწყდება ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. მთლათ მივეცემი ხოლმე წიგნს. მე ვიზიარებ გმირებთან ერთად ჭირსაც და ლხენასაც. ხანდისხან ისე ამტკივა ხოლმე გული, რომ ვერ ვაგრძელებ კითხვას და წიგნით ხელში რამეს ჩავაჩერდები ხოლმე, დიდხანს, დიდხანს. მაგისთანა ცხოვრება ჩვენში არ არის, როგორც ზოგიერთ წიგნშია და არც შემთხვევები. თუ რამე ისეთია წიგნში, , მაჟრჟოლებს და ალაგს ვერ ვზივარ. ხან წამოვხტები წიგნით, ხან სხვა ალაგს გადავალ. თუ ვინმემ შემაწყვეტინა, ძალიან ვბრაზობ და დანდისხან ბრიყვულად ვუპასუხებ ხოლმე, რითაც დედას ვაჯავრებ. იცის ხოლმე: “აი თავის რომანებს ჩაუჯდა და ვერაფრით ვერ გააცლიო”.

ჩემი ოცნება – 17 ენკენისთვეს

ჩემი ნატვრა თუ ამისრულდა, ხომ კარგი და  თუ არა და?.. ძალიან მინდა ყველა ენები შევისწავლო ისე, რომ მშვენივრად ვიცოდე. თუ არ ვიზარმაცებ, მუსიკას გავაგრძელებ. მინდა საზღვარ გარედ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ, ერთ წელიწადს ვიმსახურებ. მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი. იქ ცხოვრებისთვის ცოტა მეყოფა. ისე მინდა გავაკეთო, რომ მამამ ბევრი არ მიგზავნოს, ჩემიც მქონდეს. ძალიან და ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს? ღმერთო, გემუდარები, გეხვეწები მონა შენი, დავიჭირო გამოცდები და სწავლა კარგად დავასრულო. არ შევკრთე და მელე გავიგო ამოცანა, რომელსაც მასწავლებელი მომცემს. ჩემი თხოვნა და მუდარა ეგ არის.

20 მარიამობისთვეს

ახალქალაქი

დღეს მე, ქეთო, ელიჩკა ჩამოვედით ახალქალაქიდან. ჯერ აქედან რომ წავედით, ძალიან დავიღალეთ. მთელი ღამე არ გვეძინა, სულ ვიცინოდით. ელიჩკა სიცილის გუნებაზე იყო. დილას ავდექიტ თუ არა, გიჟებივით ჩავიცვით და სადგურისკენ მოუსვით. გვეგონა, დავიგვიანებდით, მაგრამ ადრეც მივედით. ვიყიდეთ მესამე კლასის ბილეთები და ახდილ ვაგონში ჩავსხედით. გრაკალამდის 6 საათი ვიარეთ, მოვკვდით პირდაპირ. მეტეხში ჩამოვხტით და ფეხით ავედით ახალქალაქში. ისე,  რომ დილის 7 საათზე გამოსულნი საღამოს 7 საათზე სახლში ვიყავით. საშინლად დავიტანჯეთ. გოგას და პატეს ძალიან გაუკვირდათ, როცა სამივე იმათ სახლს მივადექით.ეს სამი დღე საუცხოვოთ გავატარეთ. მთელი დღეები ერთად ვიყავით და ვმხიარულობდით. პატე მშვენიერია… იქიდან პატემ და გოგამ მეტეხამდის ჩამოგვაცილეს. იქაც ხუთი საათი ვისხედით. კარგი იყო. რა ოხრათ მივიღე წრეულ გამოცდა. თავისუფალი რომ ვყოფილიყავი, ახალქალაქში ვიქნებოდი.

ამასწინად მე მეხუთედ შემხვდა “ის”. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს.  კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს, არ ვიცი რისთვის. იმიტომ, რომ ვწითლდები, თუ… ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის.  ნეტა ვინ არის? ლამაზია ჩემზედ, მაღალი თუ არის? ჩემო დედა.

მოსწავლეა გიმნაზიაში. იქნება მეშვიდე ან მერვე კლასში. ამასწინად თეთრ ჩოხაში ვნახე. შესანიშნავი იყო.

რაღაც მემართება. ეხლა ძალიან შემემჩნა მარტოკობა, მინდა, დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ.

28 ივლისს

ღმერთო! გემუდარები, დამაჭერინე გამოცდები კარგად. კარგად გავათავო ეს უკანასკნელი წელიწადი. ოჰ, როგორ მინდა ჩქარა მოვრჩე საშუალო სასწავლებელს და უმაღლესში წავიდე. უსათუოდ საზღვარ გარედ, ეგ მე გადაწყვეტილი მაქვს. რათ შემჯავრდა სასწავლებელი. მეჯავრება მეტადრე უფრო…. არა, ამისთანა სიტყვები შეუძებელია. რათ არ უნდა მიყვარდეს? იმიტომ, რომ მასწავლებლები არიან ცუდი?

როგორა მაქვს წარმოდგენილი ჩემი ცხოვრება. უსათუოდ ქეთოც წამოვა. მე ვისწავლი მეურნეობას, ქეთო კი სიმღერას. ხვალ გავაგრძელევ. როგორ მგონია, მოვეწყობი.

ეხლა 12 საათია ღამის.

23 ივლისს

8 ივლისიდან 17-დე ყოველდღე დავდიოდით მე და ქეთო არტისტულში, რადგანაც 18-ში უკანასკნელი წარმოდგენა უნდა ყოფილიყო.

იქნება მთელი ზაფხულიც ეთამაშნათ მსახიობებს, მაგრამ ერთმა ძალიან მწუხარმა გარემოებამ ნება არ მისცა, რამდენიმე არტისტმა გამოლანძღა მთავრობა (ესეც ნამდვილი არ არის მგონი) და გადაასახლეს საქართველოს საზღვრებს გარეთ. მათ შორის მოხვდა ძალიან კარგი მსახიობი ტორსკი. რაკი ის და სხვები წავიდნენ, მთელი არტისტული დასიც მიდის. ისე მეწყინა, ეს რომ გავიგე, რომ ჩუმათ ვიტირე კიდეც. ისე შევეჩვიე მაგ თეატრს, რომ როგორც სახლში, ისე ვგრძნობდი თავს. კვირაში სამჯერ უსათუოდ უნდა წავსულიყავი.  ეგ თითქმის მე და ქეთოსათვის სავალდებულო იყო. მე გაგიჟებით მომწონს დნეპროვი და ტორსკი. მე მთელი ღამე შემეძლო ყოფნა წარმოდგენაზე ან მსახიობებისათვის ცქერა. რამდენჯერ ჩუმათ გავპარულვარ სახლიდან წარმოდგენაზე. ვყიდულობდით სადმე 1 მ. და 20 კაპ. ბილეთს და პორტერში პირველ რიგში ვიჯექით. ყველა გვეცნობოდა იქ ისე, რომ ხმასაც არავინ გვცემდა. პირიქით, ალაგსაც მოგვიძებნიდნენ.

გატაცებით სულგანაბული ვუსმენდი და ყოველ სიტყვას დნეპროვის ვყაპავდი. გარშემო აღარ ვგრძნობდი, იყო ვინმე თუ არა. ოჰ, რა კარგია, იყოს ადამიანი მსახიობი მხოლოდ ერთი წამით. მე მინდა ვიყო ვითომ მსახიობი, მაგრამ მათი უმიზნო ცხოვრება მძულს. არტისტს რეპუტაცია აქვს გაფუჭებული. მსახიობს ისე არ უყურებენ, როგორც პატიოსან ადამიანს. რათ? მე წამიკითხავს წიგნები, სადაც ისე ადამიანზე სულითაც და ხორციელადაც მაღლა სდგას.  იშვიათია ამისთანა ადამიანი, მაგრამ რაკი ის მსახიობია,  ის არ არის ღირსი პატივის ცემისა.. უყვართ არისტი, დასდევენ მას, იქნება გადაირიონ კიდეც, მაგრამ მას სულ სხვა თვალით შეხედავენ და ნასწავლ კაცს, რომელიც მსახურობს, მაგრამ სულით დაბალია, უფრო მეტ პატივს სცემენ.  რა არის სცენაზე გამოსვლა? ეგ წარმოადგენს რაღაცა ფანტასტიურს.  ავიწყებს ადამიანს რომ ეგ მარტო გადმოცემაა ყველაფრის და ნათლად წარმოიდგენ მართლა ამ სურათებს. ხანდისხან ვზივარ თეატრში და მაძაგძაგებს, წუთებით მავიწყდება, რომ ეს მარტო წარმოდგენაა და ოფლი მესხმევა, მგონია, რომ მართლაა. ესე ყოველთვის.

მე და ქეთო იქ ვიყავით მთელი წლის განმავლობაში და ეხლა უცბათ შეწყდა. ყველა ის მსახიოებები, უბრალოც კი, მიდიან ოდესაში.  ნეტავი იმ ოდესელებს, ეხლა ისინი დასტკბებიან. სახლში რასაც ვაკეთებ, უცებ გავჩერდები და გული მტკივა ისე, ისე რომ, გუნება მიფუჭდება და რასაც ვაკეთებ, თავს ვანებებ. არსად არ მიმიწევს, არსად. წინათ სიხარულით იმიტომ დავდიოდით, რომ ვუცოდი, ხვალ ან ზეგ არტისტულში ვიქნები, ან საცა წავალ, იქნება მსახიობი ტორსკი ან დნეპროვი, პოლუბინსკაია შემდვეს მეც და ქეთოს.  ეხლა ყოველდღე რომ ვხვდებით ერთმანეთს, პირველი კითხვა ეგ არის: ეჰ, სადღაა არტისტული. ისე მომინდება, ცრემლები გადმომცვივდება. სხვა დასი არ მინდა, არა. რამ მიმიზიდა. ოპერაში ვიყავი რამდენჯერმე, მაგრამ დრამა სულ სხვაა. ორდა და საბანეევა როცა თამაშობდნენ, დავდიოდი დიდი აღტაცებით. ისე, როგორც არტისტულში. სხვაზე შესვლა არ მინდა. ეხლა აღარსად დავდივარ. ჯერ კი  ხალისი მაქვს. ერთი ნაწილი დასისა აქ არის, საცა დნეპროვია, პოლუბინსკაია, საკსანოვა და სხვა. მაგრამ ისინი ხვალ ან ზეგ მიდიან.

დღეს გაკვეთილზე რომ მივდიოდი, დილით ტრავმაიში ვიჯექი. შემხვდა დნეპროვი, მინდოდა ჩამოვმხტარიყავი, მაგრამ შევიმაგრე ჩემი თავი, ვსთქვი, სისულელეა. მაგრამ ისე დამწყდა გული, რომ მანამ ტრავმაი არ დაიმალა, თვალი არ მოვაშორე. იქიდან რომ მოვდიოდი, არტისტულტან კიდევ შემხვდა. იქ იდგა. მეც დავდექი და ვუყურებდი. არტისტულის კარები ჩაკეტეს, აფიშები მოხსნეს, სულ ცივი შეხედულება აქვს. წინათ რომ ხალხი იდგა ხოლმე, ეხლა… დღესაც მთელი დღე ვბრაზობდი. ვეძებდი საბუთს, რომ მეტირნა. სხვამ რომ წაიკითხოს ეს დღიური, იფიქრებს, სტრისტობა უნდაო.მსრულებითაც არა. მე ყურება მიყვარს ძალიან, ძალიან და არა მე თვითონ გამოვიდე. ღმერთო, ეგ დასი მალე ჩამოიყვანე კიდევ, დნეპროვი მაინც.

Previous Older Entries

%d bloggers like this: